პუბლიკაციები

 

ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის თაოსნობით გამოიცა წიგნი „ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა“. წიგნი ეძღვნება ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს. მასში განთავსებულია 40 სტატია, რომლებშიც აღწერილია ქალთა უხშირესი დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები.

კერძოდ, წიგნში მოყვანილია სტატიები ქალის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში — სქესობრივი მომწიფების, ორსულობისა და კლიმაქტერიული პერიოდის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებისა და იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ამ ეტაპებს ახასიათებს. ასევე წარმოდგენილია რჩევები ორსულთათვის და კლიმაქტერიულ პერიოდში მყოფი ქალბატონებისთვის.

აღწერილია ქალთა ისეთი გავრცელებული დაავადებები და მათი პრევენცია, როგორიცაა ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი, ქვედა კიდურების ვენების უკმარისობა, ანემიები, ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია, ალცჰეიმერის დაავადება, კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ასევე ქალთა ავთვისებიანი სიმსივნეები და მათი პრევენციის გზები. წიგნში ასევე განხილულია რაციონალური კვების საფუძვლები და მოცემულია ოფთალმოლოგის, სტომატოლოგისა და დერმატოლოგის რჩევები.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი წიგნი ქართულ ენაზე, რომელშიც ასე ფართოდ არის გაშუქებული ქალთა დაავადებებისა და მათი პრევენციის საკითხები. სტატიების ავტორები არიან ცნობილი ქართველი ექიმი ქალები.

წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის და მოიაზრება, როგორც ქართველი ექიმი ქალების საჩუქარი ქართველ ქალბატონებს. გამოცემული წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ, ასევე სოციალურად დაუცველ ქალბატონებს.

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია ასევე აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო პროექტს. მათ შორის იყო ტრენინგი „გენდერის როლი ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის დაცვაში“, რომელიც ჩატარდა თბილისში 2005–2006 წლებში. პროექტის სპონსორები იყვნენ ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და OSCE/ODIHR.

ასევე განხორციელდა პროექტი „ქალთა მონაწილეობის გაზრდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესებში“, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ჯანმრთელობის ჯგუფის შემადგენლობაში. პროექტი განხორციელდა გორსა და გურჯაანში 2006 წელს, სპონსორი იყო OSCE/ODIHR.

Actual Topics on Women’s Health

„ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“

2012 წლიდან საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებად ჟურნალს „ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“.

იხილეთ: www.actualtopicswomenshealth.org

ჟურნალში განთავსებული სტატიები ეხება ქალთა ჯანმრთელობისა და გენდერული მედიცინის აქტუალურ საკითხებს. პუბლიკაციები ქვეყნდება როგორც ინგლისურ, ისე ქართულ და რუსულ ენებზე.

ამ ეტაპზე გამოცემულია ჟურნალის 12 ნომერი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ასოციაციის მნიშვნელოვან როლს ქალთა ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზაციასა და სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებაში.