წიგნი "ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა"-ს პრეზენტაცია

მასში განთავსებულია 40 სტატია, რომლებშიც აღწერილია ქალთა უხშირესი დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები.
კერძოდ, წიგნში მოყვანილია სტატიები ქალის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში (სქესობრივი მომწიფება, ორსულობა, კლიმაქტერიული პერიოდი ) მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების და იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ამ პერიოდებს ახასიათებს. მოყვანილია რჩევები ორსულთათვის და კლიმაქტერიულ პერიოდში მყოფი ქალბატონებისთვის.
აღწერილია ქალთა ისეთი უხშირესი დაავადებები და მათი პრევენცია, როგორიც არის ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი, ქვედა კიდურების ვენების უკმარისობა, ანემიები, ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია, ალცჰეიმერის დაავადება, კუჭნაწლავის, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ქალთა ავთვისებიანი სიმსივნეები და მათი პრევენციის გზები, რაციონალური კვების საფუძვლები. მოყვანილია ოფტალმოლოგის, სტომატოლოგის, დერმატოლოგის რჩევები.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი წიგნია ქართულ ენაზე , რომელშიც გაშუქებულია ქალთა დაავადებების და მათი პრევენციის ესოდენ ფართო სპექტრი.
სტატიების ავტორები არიან ცნობილი ქართველი ექიმი ქალები.
წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის და მოიაზრება როგორც ქართველი ექიმი ქალების საჩუქარი ქართველ ქალბატონებს.
წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს.






